რუბრიკები
ფოთის რესურსცენტრში ამბობენ, რომ შეხვედრაზე ინფორმაცია გია სალუქვაძისგან მიიღეს
ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, გოჩა ქორქიას ცნობით, ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" მიერ მოწყობილ შეხვედრასთან დაკავშირებით , რესურსცენტრმა ინფორმაცია გია სალუქვაძისგან მიიღო.
გოჩა ქორქიამ განაცხადა, რომ რესურსცენტრმა მარტში, ფოთის დრამატულ თეატრში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ორგანიზატორ, არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" ხელმძღვანელ გია სალუქვაძისგან მიიღო. მისივე თქმით, სკოლებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ იგეგმებოდა შეხვედრა "ადამიანებთან, რომლებიც გარკვეული დროის მანძილზე იდევნებოდნენ", თუმცა ფილმის ჩვენებასთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია არ ჰქონიათ."მათ დაანონსებული ჰქონდათ შეხვედრა, თუმცა ანონსში ფილმის ჩვენება არსად იკვეთებოდა", - აღნიშნა გოჩა ქორქიამ.
მისივე ცნობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტმა ფოთის საჯარო სკოლები წერილობით გააფრთხილა, რესურსცენტრის უფროსს კი დისციპლინური სახდელი - ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება დააკისრა. დასკვნა რესურსცენტრმა გასულ კვირას მიიღო. "დასკვნაში წერია, რომ სასურველი იყო, მოსწავლეებისათვის წინასწარ განემარტათ, რა შინაარსის იქნებოდა შეხვედრა, თუ ეს იქნებოდა ძალადობის ნიშნების შემცველი, მაშინ ასეთი ინფორმაცია არ უნდა ყოფილიყო მიწოდებული. წინასწარ შინაარსს უნდა ყოფილიყო გაცნობილი რესურსცენტრი და სკოლები, როდესაც ამ ინფორმაციას მოსწავლეებს აწვდიდნენ. რესურსცენტრმა არ იცოდა, რომ ფილმის ჩვენება მოეწყობოდა", - აღნიშნა გოჩა ქორქიამ.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, არ გამოკვეთილა არანაირი ძალდატანება, იძულება, ორგანიზება."მოსწავლეების წაყვანა ორგანიზებულად არ მომხდარა, ინფორმაციის მიღების შემდეგ, მსურველი ბავშვები წავიდნენ. დირექტორებისა და მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეების ორგანიზებულად წაყვანას ადგილი არ ჰქონია. ბევრი ბავშვი შეხვედრაზე სახლიდან წავიდა", - აღნიშნა გოჩა ქორქიამ და დასძინა, რომ შეხვედრა არასასკოლო დროს, არასასკოლო ტერიტორიაზე მოეწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მარტში ზუგდიდის, ხობის და ფოთის რესურსცენტრების და მის დაქვემდებარებაში არსებული სკოლების ინსპექტირება დაიწყო. საუბარია ე.წ. ციხის კადრების შემცველი ფილმის ჩვენებაზე, რომელსაც სკოლის მოსწავლეებიც დაესწრნენ.
მარტში საქართველოს რამდენიმე ქალაქში, არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" ინიციატივით, ზემოაღნიშნული ფილმის ჩვენება გაიმართა. ფილმის ჩვენებას სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ. ისინი ყვებოდნენ, რომ ფოთის თეატრში მისვლამდე მათ სკოლის დირექციისგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქალაქში დაგეგმილია ახალი პროექტების პრეზენტაცია, თუმცა თეატრში მისულებს სულ სხვა სურათი დახვდათ. არასრულწლოვნები ამბობდნენ, რომ ჩვენებაზე მოტყუებით მიიყვანეს. როგორც ცნობილია, ფილმი შეიცავს კადრებს, რომელთა ჩვენებაც მოზარდებისთვის რეკომენდებული არ არის.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები