სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულმა სამმართველომ თხილის ტკიპასთან და მავნებელ ხარაბუზასთან ბრძოლა დაიწყო. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და შხამქიმიკატები, რათა მავნებელის განადგურება დროულად მოხდეს. მათივე ცნობით, მასშტაბური კამპანია დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი სენაკის თხილის პლანტაციებიდან დაიწყო, ხვალიდან კი შეწამლის პროცესი მთელი რეგიონის მასშტაბით დაიწყება. მოსახლეობამ შესაწამლი პრეპარატებისა და შესაბამისი ტექნიკის მოთხოვნით ადგილობრივ გამგეობებს და სოფლის რწმუნებულებს უნდა მიმართოს, რის შემდეგაც ტექნიკა გამოიყოფა. შეწამლის პროცესის დაწყებას სენაკში სოფლის მეურნეობის რეგიონული სამმართველოს უფროსი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი და მოადგილე დაესწრნენ.
ხარაბუზა და თხილის ტკიპა ფერმერებს ბოლო წლებია პრობლემას უქმნის, მავნებელი განსაკუთრებით წელს მომრავლდა. ხარაბუზა ახმობს თხილის ნარგავებს, ტკიპა კი თავად თხილის ნაყოფს ადრეულ სტადიაზე ანადგურებს.
მასალის გამოყენების პირობები