ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია "ოქსფამ"-ის ორგანიზებით და ევროკავშირის დაფინანსებით 15 მაისს, ანაკლიაში, სასტუმრო "პალმ ბიჩ"-ის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს თხილის დარგის მესვეურთა ფორუმი ტარდება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები,ასევე, ევროკავშირის,ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID),გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP), ENPARD-ის განმახორციელებელი კონსორციუმებისა და ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები,თხილის დარგში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები და მეცნიერები,აგრეთვე შპს "აგრიჯორჯია"-ს (კორპორაცია "ფერერო"-ს შვილობილი კომპანია) და თხილის გადამმუშავებელი სხვა ადგილობრივი და უცხოური საწარმოების, ექსპორტიორი ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მათი ინფორმაციით, საქართველოსთვის თხილი უმსხვილესი და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი საექსპორტო დარგია.შარშანდელი მონაცემებით, საქართველოდან თხილის ექსპორტის ჯამურმა ღირებულებამ 183 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა,რითაც ღვინის ექსპორტს გადააჭარბა და საქართველოს საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს შორის პირველ ადგილზე გადაინაცვლა. საქართველო თხილის მწარმოებელი და ექსპორტიორი უმსხვილესი ქვეყნების პირველ ათეულში შედის და თხილის წარმოება საქართველოში მცხოვრები 50000-მდე საოჯახო ფერმერული მეურნეობისთვის შემოსავლების უმთავრეს წყაროს წარმოადგენს. ამდენად, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების გარდა ამ დარგს საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სოციალ-ეკონომიკური კეთილდღეობის მოტანა შეუძლია. ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ,რომ ფორუმი წარმოადგენს საკოორდინაციო პლატფორმას საქართველოში თხილის დარგისა და ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის, რის ფარგლებშიც დაგეგმილია საზოგადებასა და მთავრობას შორის აღნიშნული დარგის განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკის ერთობლივად გამომუშავება და მისი კოორდინირებულად და გამჭვირვალედ განხორციელების უზრუნველყოფა. ფორუმის მონაწილე მხარეები გაეცნობიან საქართველოს მთავრობის გეგმებსა და პროგრამებს თხილის დარგთან მიმართებაში და აგრეთვე წარმოადგენენ თავიანთ ხედვებს, პროგრამებსა და დარგში არსებულ პრობლემატიკას. გაიმართება საზოგადოებრივი დისკუსია,რაც დიალოგის მუდმივმოქმედი მექანიზმის ჩამოყალიბებისა და განვითარების საფუძველს შექმნის.
მასალის გამოყენების პირობები