სერიალში “The Young Pope”, რომელსაც პაოლო სორენტინო არხ HBO-თვის გადაიღებს, ჯუდ ლოუ მთავარ როლს შეასრულებს. რეჟისორისთვის ეს პროექტი სატელევიზიო დებიუტი იქნება. ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter აცხადებს.
სერიალი Sky, HBO-სა და ფრანგული არხის _Canal Plus-ის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს. ყველა რვა ეპიზოდს იტალიელი რეჟისორი სორენტინო დადგამს. სცენარის ავტორები სორენტინო, ტონი გრიზონი, უმბერტო კონტარელო და სტეფანო რული არიან.
სერიალის სიუჟეტი ამერიკიდან გადმოსახლებული გამოგონილი პონტიფიკის ირგვლივ ვითარდება, რომელიც ვატიკანის ყველაზე კონსერვატიული პაპი ხდება. სერიალზე მუშაობა იმ დროს მიმდინარეობს, როდესაც კათოლიკური ეკლესიის მეთაური ფართო შეხედულებებით ცნობილი პაპი ფრანცისკია.
სერიალში მოქმედება აშშ-სა და ვატიკანში ვითარდება. ინგლისურ ენაზე გადაღებული სერიალი საერთაშორისო აუდიტორიაზე იქნება ორიენტირებული. “The Young Pope”-ის გადაღებები, რომელსაც აწარმოებს სტუდია Cinecitta Studios იტალიაში იქნება.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 13 მაისს კანში გახსნილ რიგით 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე სორენტინოს ფილმი „ახალგაზრდობა“ საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს. რაც შეეხება ჯუდ ლოუს, მისი უახლოესი სრულმეტრაჟიანი პროექტია_ კომედიური მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „ჯაშუში“, რომელიც მსოფლიო გაქირავებაში 2015 წლის 21 მაისიდან გამოჩნდება.
მასალის გამოყენების პირობები