ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ა/ო „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრმა“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობისა და მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ კვლევა და კვლევის შედეგები წარმოადგინეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის გურამ ჩიხლაძის განცხადებით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დღიდან მისი დაარსებისა სულ 71 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომელთაგან 48 მიმდინარეა, 15 წარმატებით განხორციელებული, 8 ტენდერი კი არ შედგა.
კვლევის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მიერ გამარტივებული წესით საქონელი და მომსახურება 127-ჯერ იქნა შესყიდული, მათ შორის ისეთებიც, რომელთა ღირებულება რამდენიმე ათეულ ათასს შეადგენს.
მონიტორინგში მოხვდა ასევე რესტორნისა და კვების მომსახურების შესყიდვები, რომელიც 9 ჯერ განხორციელდა და რომლის მომსახურებამ 17 150 ლარი შეადგინა. ერთ-ერთი ასეთი შესყიდვა განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2 წლისა და სახელმწიფო-რწმუნებულის გუბერნატორის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე მოწვეული სტუმრებისთვის ვახშმის მოსაწყობად, რომელიც 1500 ლარი დაჯდა. სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის ხელმძღვანელისთვის გაუგებარია თუ რატომ იქნა შესყიდული მუნიციპალიტეტის თანხებით მომსახურება, მაშინ როცა როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე რეგიონის გუბერნატორის აპარატს თავადვე შეეძლოთ საკუთარი სახსრებით აღნიშნული ხარჯის გაწევა.
კვლევაში ასევე მოხვდა მერიის მიერე გამოცხადებული ტენდერი სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების შესახებ. კვლევის თანახმად, სამივე შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მიერ იდენტური მომსახურება იქნა შესყიდული ქალაქ ზუგდიდის რამდენიმე ქუჩაზე გარეგანათების მოსაწყობად. კვლევის ავტორებისთვის გაუგებარია პოზიცია თუ რატომ მიიღო მუნიციპალიტეტმა ერთი სახის მომსახურების სამ შესყიდვად დაყოფის გადაწყვეტილება.
მონიტორინგის დასკვნის თანახმად, არც ერთ დასახელებულ შემთხევაში კანონი არ დარღვეულა, თუმცა რეკომენდაციის სახით მოუწოდებენ ადგილობრივ თვითმმართველობას მაქსიმალურად შეიკავონ თავი საქონლისა და მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვისგან.
მასალის გამოყენების პირობები