საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 30-31 მაისს და 1 ივნისს რიგით მეხუთე საბაშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს პეპელა“ ჩატარდება.
ფესტივალში მონაწილეობენ 18 წლამდე ასაკის ბავშვები: საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, პოლონეთიდან, მოლდოვადან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, სამხრეთ კორეიდან. ფესტივალზე სულ წარმოდგენილია მოკლემეტრაჟიანი (7 წთ-მდე) 52 ფილმი -10 დოკუმენტური, 12 ანიმაციური და 30 მხატვრული ნამუშევარი. ფესტივალის საკონკურსო პროგრამას შეაფასებს ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შედიან პროფესიონალი კინოხელოვანები და გასული წლების ფესტივალების გამარჯვებული ბავშვები. ჟიურის უხელმძღვანელებს ცნობილი ქართველი კინორეჟისორი და მსახიობი – ბაადურ წულაძე.
ფესტივალზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სცენარი, იდეა, რეჟისორი, ოპერატორი, მონტაჟი, გოგონას როლი, ბიჭის როლი, მხატვრული გადაწყვეტა, ანიმაცია და დოკუმენტური ფილმი. გრან-პრი გადაეცემა 2015 წლის საუკეთესო ფილმს.
საფესტივალო პროგრამა მოიცავს: საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმების პრეზენტაციას, ვორქშოპებსა და მასტერკლასებს, კინოექსპედიციას, პრაქტიკულ კინო გადაღებებს და მონტაჟს, შეხვედრებს ცნობილ კინოხელოვანებთან და გამარჯვებული ფილმების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს.
ავტორი: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
მასალის გამოყენების პირობები