2-დან 6 ივნისამდე, ერთი კვირის განმავლობაში, აშშ-ის საელჩო ამერიკულ ხმოვანებას, სანახაობასა და ენერგიას საქართველოს ოთხ ქალაქში ჩაიტანს. ამერიკის დღეები საზოგადოებას ამერიკულ კულტურასა და საქართველოში აშშ-ის მხარდაჭერილ პროგრამებს გააცნობს. ამერიკის დღეები 2 ივნისს ზუგდიდში დაიწყება და 6 ივნისს თბილისში დასრულდება. 3 და 4 ივნისს ღონისძიება ახალციხესა და გორშიც ჩატარდება. აშშ-ის საელჩო ამერიკის დღეებზე დასასწრებად იწვევს ყველას, ვისაც უყვარს ამერიკული მუსიკა და ახარებს შეერთებული შტატებისა და საქართველოს მეგობრობა.
ზუგდიდში ამერიკის დღეებით გათვალისწინებული ღონისძიებების განრიგი ასეთია:
10:00 - ამერიკანისტიკის კონფერენციის გახსნა ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
15:00 - ამერიკის დღეების საინფორმაციო გამოფენის გახსნა იუსტიციის სახლის გვერდით მდებარე პარკში.
18:00 - ამერიკული ბენდის „დეინჯერფლოს“ ცოცხალი კონცერტი იუსტიციის სახლის გვერდით მდებარე პარკში.
საინფორმაციო გამოფენაზე სტუმრები მიიღებენ ინფორმაციას აშშ-ის გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების, საკონსულო და საიმიგრაციო მომსახურების, სხვადასხვა გრანტებისა და დახმარების პროგრამების შესახებ, აგრეთვე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მრავალმხრივი მუშაობისა და იმ სხვა პროექტების შესახებ, რომელთაც აშშ-ის მთავრობა საქართველოში ახორციელებს.
ამერიკის დღეების მსვლელობისას სტუმრები მოუსმენენ ამერიკულ მუსიკასა და ნახავენ ქუჩის ცეკვებს ქართველი და ამერიკელი არტისტების შესრულებით. ამერიკის დღეების აღსანიშნავად აშშ-ის საელჩო წარმოგიდგენთ შესანიშნავ, ჰიპ-ჰოპ და როკ-ფიუჟენის ჯგუფს, „დეინჯერფლოს“ ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიდან. ამერიკის დღეებზე დასწრება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები