საზოგადოებრივი ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს ახალი კვლევის შედეგები გააცნეს. ამჯერად, ორგანიზაციის კვლევის საგანი - სამეგრელოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების თანამდებობების პირთა და მათი ოჯახის წევრების კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობაა.
ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, სამეგრელოს რეგიონში 2014 წლის ქონებრივი დეკლარაცია არასრულად ხუთმა თანამდებობის პირმა შეავსო. აქედან 2-2 ფოთისა და ზუგდიდის, ხოლო ერთი - წალენჯიხის შემთხვევაში დაფიქსირდა.
ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დეკლარაცია 2014 წლის 2 დეკემბერს შეავსო, თუმცა მას, ორგანიზაციის ინფორმაციით, საკუთარი ოჯახის წევრთა ბიზნესწილები დეკლარაციაში სრულად არ აუსახავთ. კერძოდ, ალექსანდრე თოფურიას მეუღლე სამ სხვადასხვა შპს-ში ფლობს წილებს, რაც საკრებულოს თავმჯდომარის დეკლარაციაში არ აისახა.
ფოთის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე სევერიან შენგელიას მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ის ამ დრომდე შპს „ჯი ეს მაგდუსი“- ს დირექტორია, რითაც ირღვევა საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-4 მუნქტი.
ამავე კვლევის მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენების და მართვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვეკუა
რამდენიმე შპს-ს მეწილე და დირექტორია, თუმცა მას დეკლარაციაში არა აქვს აღნიშნული, რომ იგი სხვა კომპანიებთან ერთად შპს GL Group-ში 100% წილს ფლობს და ასევე - მისი დირექტორია. გარდა ამისა, გიორგი კუკავა ფლობს შპს „ლაზიკ ლიმიტედ“-ის (ს/კ-419989775) 20%-იან წილს და ამავდროულად არის მისი დირექტორი. რეესტრის მონაცემების თანახმად, 2013 წელს რეგისტრირებული კომპანია თხილის შესყიდვა, გადამუშავება, რეალიზაციაზეა ორიენტირებული, ამავე საქმიანობითაა დაკავებული შპს „ჯ.ნ.მ.“, რომლის 50% წილს ფლობს გიორგი კუკავა და ასევე არის მისი დირექტორი. ორგანიზაციის ინფორმაციით, მას ამ ორ კომპანიაში მისი მონაწილეობა დეკლარაციაში არ აუსახავს.
„დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ სამეწარმეო საქმიანობიდან 2013 წელს 2540 ლარი მიიღო. ის გარემოება, რომ გიორგი კუკავა საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეობასთან ერთად, რამდენიმე შპს-ს დირექტორია, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევას წარმოადგენს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გონელ ნაჭყებია შპს „მერე“-ს 80% წილის მფლობელია, შპს-ს 20% წილის თანამფლობელი მისი და როზა ნაჭყებიაა, რომელიც ამავდროულად კომპანიის დირექტორიცაა, აღნიშნული ინფორმაცია კი გონელ ნაჭყებიას დეკლარაციაში არა აქვს შეტანილი.
რაც შეეხება, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს თემურ ღვინჯილიას, მის მიერ 2014 წლის 8 სექტემბერს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ის შპს „შე-ლი“-ს მეწილეა. ამ შპს-სგან 2012 წლის 22 აგვისტოს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამარტივებული წესით შეისყიდა სამშენებლო სამუშაოები, სტიქიის შედეგად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ობუჯში დაზიანებული ხიდის აღდგენის მიზნით, რომლის ღირებულებამაც 30 069 ლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში თემურ ღვინჯილია საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას არ იკავებდა.
კვლევის მიხედვით, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, თემურ ღვინჯილია 2013 წლის 25 ივლისიდან (შპს-ს რეგისტრაციის მომენტიდან) 2014 წლის ივნისამდე იყო შპს „მშენებელი 777“- ის 100 % წილის მფლობელი და დირექტორი, 2014 წლიდან კი აღნიშნული წილი გადავიდა პაატა ჭანტურიას საკუთრებაში, რომელიც ამავე დროს არის აღნიშნული შპს-ს დირექტორი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა შპს „მშენებელი 777“- სგან გამარტივებული წესით, 2013 წლის აგვისტოდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით, მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები ექვსჯერ შეისყიდა. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხა ჯამში 316 796,74 ლარი იყო, კერძოდ, თემურ ღვინჯილიას საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევამდე პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება ხუთჯერ გაფორმდა. ყველა შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტია, შესყიდვის მიზანი კი სტიქიიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება იყო.
„გამჭვირვალობის“ კვლევის მიხედვით, თემურ ღვინჯილია ასევე არის შპს „წალენჯიხის საგზაოს“ 20% წილის მფლობელი, რომლისგანაც 2012 წლის აგვისტოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამარტივებული წესით სამჯერ შეისყიდა სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაო.
შპს „წალენჯიხის საგზაომ“, 2011 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, ხუთ ელექტრონულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, გაიმარჯვა მხოლოდ ერთში - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ 2012 წელს გამოცხადებულ ტენდერში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომობილების შეკეთების მომსახურების შესყიდვის მიზნით, რაშიც წალენჯიხის გამგეობამ 7 400 ლარი გადაიხადა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გონელ ნაჭყებიას თქმით, მას დეკლარაციაში შპს - მითითება გამორჩა, თუმცა მისივე თქმით, მან შპს-ს ქონება - 25 ჰექტარი მიწა დეკლარაციაში სრულად ასახა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენების და მართვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვეკუა აცხადებს, რომ მის სახელზე რეგისტრირებული შპს-ებიდან 2 წელია არანაირი საქმიანობა არ განუხორციელებია. ასევე, მისივე თქმით, კომპანიები მის სახელზე ნამდვილად დარეგისტრირდა, თუმცა ის თავიდანვე მის ახლობელს ეკუთვნოდა და მასთან შეხება არ ჰქონია.
არასამთავრობო ორგანიზაციაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებენ, რომ დეკლარაციის წარუდგენლობა ან/და არასრულად შევსება, მათ შორის საკუთარი და ოჯახის წევრების ქონებრივი თუ ეკონომიკური ინტერესების არასრულად ასახვა წარმოადგენს კანონდარღვევას და ამავდროულად, შეიცავს კორუფციის საფრთხეებს.
„მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა კანონის აშკარა დარღვევა, ქართული კანონმდებლობა მსგავს შემთხვევებზე რეაგირების ეფექტიან მექანიზმებს არ ითვალისწინებს. არც საჯარო სამსახურის ბიუროს და არც რომელიმე სხვა უწყებას არ ევალება თანამდებობის პირების მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში, შესწორება ან სანქციების დაკისრება. ჩვენ ამ პრობლემის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია და სამართლებრივი ხვრელის გამოსწორების მიზნით საკანონმდებლო წინადადებაც შევიმუშავეთ, რომელსაც, იმედი გვაქვს, პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს“, - თქვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელმა არჩილ თოდუამ.
მასალის გამოყენების პირობები