ამერიკულმა ინტერნეტ გიგანტმა Google საკუთარი ფოტოსერვისი წარადგინა, რომელიც სავარაუდოდ, პოპულარულ სერვის ”ინსტაგრამს” გაუწევს კონკურენციას.
როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადეს, Google Photos შემუშავებისას პრიორიტეტული იყო მომხმარებლისთვის მიეცათ შესაძლებლობა, ნებისმიერი მოწყობილობიდან შეძლებოდათ ფოტოების ერთ სივრცეში შენახვა და მათი სწრაფად დახარისხება.
კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, გარდა ამისა, იგეგმება ახალი სერვისის შემოღება, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი ეფექტურად და სწრაფად შეძლებს საჭირო ფოტოს მოძებნას.
”ბიბისის” ინფორმაციით, Google Photos-ზე წვდომა ნებისმიერი მოწყობილობიდან არის შესაძლებელი, რომელიც ინტერნეტში შედის.
ამასთან ერთად, Google Photos ექნება სურათის რედაქტირების ფუნქცია, ასევე ალბომის, ფოტოისტორიის, კოლაჟისა და ანიმაციის ფუნქცია. ფოტოების ნახვა შესაძლებელი იქნება დღეების, თვეებისა და წლების მიხედვით.
თუმცა, მთავარი უპირატესობა, რომლითაც Google Photos მომხმარებლები ისარგებლებენ, ის არის, რომ შეძლებენ ულიმიტო მოცულობის ფოტოსა და ვიდეოს მაღალ ხარისხში შენახვას - 16 მეგაპიქსელამდე ფოტოსა და 1080p ვიდეოსი.
მასალის გამოყენების პირობები