დევნილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ახალი უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მანუჩარ ჩილაჩავა დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო „ათინათს“ თავად მანუჩარ ჩილაჩავამ დაუდასტურა. მისი თქმით, ის აღნიშნულ თანამდებობაზე 1 ივნისს დაინიშნა.
„დევნილებთან მუშაობის გამოცდილება მაქვს. ვიცნობ დევნილთა ყველა ჩასახლებას და იქ მცხოვრები დევნილების პრობლემებს. ასევე, ჩართული ვიყავი ბინების გადანაწილების პროცესში და ამ მიმართულებითაც მაქვს გარკვეული გამოცდილება“, - თქვა მანუჩარ ჩილაჩავამ.
მანუჩარ ჩილაჩავა სახალხო დამცველის აპარატის ზუგდიდის ოფისში ბოლო 6 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამ ხნის განმავლობაში ის დევნილთა უფლებებთან დაკავშირებულ პროექტებზე მუშაობდა.
აქამდე, დევნილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს დავით ნარსია ხელმძღვანელობდა. არსებული ინფორმაციით, მას ხელშეკრულების ვადა 1 ივნისს ამოეწურა, თუმცა მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები