თვითაღიარებული აფხაზეთის განათლების და მეცნიერების ე.წ. მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვარამიამ Sputnik-ს განუცხადა, რომ გალის რაიონის ყველა სკოლა სწავლების აფხაზურ სტანდარტზე გადავა.
გვარამიას თქმით, საქმე იმაში კი არ არის, რომ ამ სკოლებში სწავლება ქართულად მიმდინარეობს, არამედ იმაში, რომ სასწავლო მასალას საქართველოს განათლების დეპარტამენტი გამოსცემს. “საქართველოს განათლების დეპარტამენტის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოებს გარკვეული იდეოლოგიური დატვირთვა აქვთ და ეს არათუ საზიანოა აფხაზეთის მცხოვრებთათვის, არამედ -საშიშია სახელმწიფოსთვის”, — თქვა გვარამიამ.
მან აღნიშნა, რომ ცნობილია ფაქტები, როდესაც მასწავლებლების ნაწილი ხელფასს საქართველოშიც იღებდა. ” ესეც საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართულ პოლიტიკაზე მიუთითებს, შესაბამისად, საჭიროა აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ პოლიტიკის შეწყვეტა. ამისთვის, აუცილებელია ქართული პროგრამით სწავლების პროცესის შეჩერება”, — ხაზი გაუსვა გვარამიამ.
მან დასძინა, რომ თუ საუბარია გალის რაიონის დაბალ ზონაზე, ეს ქართული საგანმანათლებლო პროგრამაა სუფთა სახით.
“ბუნებრივია, ამ სკოლების კურსდამთავრებულები, რომლებიც ამ პროგრამას გადიან, უმაღლესი განათლების მიღებას აფხაზეთში არ გეგმავენ“,- უთხრა გამოცემას დიმიტრი გვარამიამ. მან აღნიშნა, რომ დე ფაქტო აფხაზეთის განათლებისა და მეცნიერების ე.წ. სამინისტროს მოთხოვნა აფხაზური საგანმანათლებლო სტანდარტის დამკვიდრების შესახებ – შესრულდება. თუმცა, მისივე თქმით, პედაგოგების გადამზადება საკმაოდ რთული პროცესი იქნება, რადგან მათი უმრავლესობა რუსულ ენას ვერ ფლობს ჯეროვნად, „საგნების სწავლებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი“ “, — განაცხადა გვარამიამ. დე ფაქტო აფხაზეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ გალში ეს ამოცანა შესრულებულია და საკამოდ კარგი შედეგებიც არის.
მასალის გამოყენების პირობები