Placebo-ს გიტარისტი სტეფან ოლსდალი Instagram-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
გიტარისტმა Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა, რომლის სათაურშიც წერდა, რომ „მოუთმენლად ელოდა, როდის შეუერთდებოდა ცირკს"; თუმცა მოგვიანებით ოლსდალმა პოსტი წაშალა.
„ეს ბეჰემოტი თბილისში თავისუფლად დადის. რამდენიმე კვირაში Placebo თბილისში დაუკრავს. მოუთმენლად ველი, როდის შევუერთდები ცირკს" - წერდა ოლსდალი.
მოგვიანებით გიტარისტმა Instagram-ზე მეორე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.
„როგორც ჩანს, ჩემმა სიტყვებმა და ფოტომ ზოგიერთი ადამიანი გაანაწყენა თბილისში, რომელსაც ცოტა ხნის წინ თავს სტიქია დაატყდა. გულწრფელად ვიხდი ბოდიშს ამის გამო. არ მინდოდა ასე მომხდარიყო და არ ვიცოდი რომ მოვლენებს ასეთი შედეგი მოჰყვა. მოუთმენლად ველოდი, როდის დავუკრავდი თბილისში ჩვენი გულშემატკივრებისთვის, ყველაზე ნეკლებად მათი განაწყენება მინდოდა. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ქალაქი ფეხზე დადგომას მალე მოახერხებს და რომ მსხვერპლის რაოდენობა აღარ გაიზრდება" - წერს გიტარისტი Instagram-ზე.
მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2015 3-7 ივლისს „თბილისის ზღვის ახალი ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება, - AlterVision-მა წლევანდელი ლაინაფი და გამართვის ადგილი დღეს დაასახელა.
წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას 70-ზე მეტი შემსრულებელი და ბენდი, მათ შორის Placebo მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები