ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გამგეობის აიპი-ების თანამშრომლებმა თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 6 ათასზე მეტი ლარი შეაგროვეს. გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაია ღურწკაიას თქმით, შეგროვილი თანხით 5 ოჯახისთვის სამყოფი სხვადასხვა დასახელების საოჯახო ნივთი და ტექნიკა შეიძინეს.
"ვიყიდეთ მაცივრები, ელექტრო მადუღარები, ტელევიზორები და სამზარეულოში საჭირო ყველა ნივთი. ასევე შევიძინეთ საბნები და პლედები. თანამშრომლებმა საკუთარი სახლებიდან ტანსაცმელი მოიტანეს. ჩვენ ამით არ მოვრჩებით აქციას და საჭიროების შემთხვევაში კვლავ გავუწევთ დახმარებას დაზარალებულებს", - თქვა მაია ღურწკაიამ.
ზუგდიდის თვითმმართველობის ორგანოებში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შემოწირულობების შეგროვება ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.
ბოლო ცნობებით, თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 10- მდე დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.
მასალის გამოყენების პირობები