15 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის N 2-ე საბავშვო ბაღში მიწისძვრის სიმულაციური თამაში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა და ასევე დაინტერესებულმა მხარეებმა, რომლებიც ჩართულები არიან კატასტროფების რისკის შემცირების სამუშაოებში.
ხობში გამართულ შეხვედრაზე მოსულმა სტუმრებმა განაცხადეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, ბავშვების პატარა ასაკიდან მომზადება, რათა მაქსიმალურად შემცირდეს რისკები სტიქიური უბედურებების დროს და ბავშვებმა ბაღის ასაკიდანვე მიიღონ ცოდნა, თუ როგორ მოიქცნენ კონკრეტული სტიქიური შემთხვევების დროს.
ღონისძიება „უსაფრთხოება იწყება ბაღიდან“ განხორციელდა „ჩვენ მზად ვართ! კატასროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში“ პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია გაზარდოს სკოლამდელი ასაკის ბავშვების, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი აღმზრდელების დაცულობა და ინფორმირებულობა. პროგრამას ახორციელებს გერმანული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB).
ფინანსური მხარდამჭერები არიან „ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტი“ (ECHO) და „კოალიცია - გერმანია ეხმარება“ (Aktion Deutschland Hilft). თავად პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით და მას მხარს უჭერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, არბაითერ-სამარიტერ-ბუნდთან 2015 წლის 4 თებერვალს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.
მასალის გამოყენების პირობები