ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის ორგანიზატორები ოლიმპიური ცეცხლს ზუგდიდში 19 საათზე ჩამოიტანენ. ზუგდიდის შემოსასვლელიდან სკეიტ პარკამდე კი ჩირაღდანს ზუგდიდელი სპორტსმენები მიიტანენ.
ოლიმპიური ცეცხლის ჩამოსვლას საქვეყნოდ ცნობილი ზუგდიდელი სპორტსმენები ნონა გაფრინდაშვილი და ოთარ გაბელია დაესწრებიან.
საღამოს 20 საათზე კი ზუგდიდის ახალ პარკში ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლასთან დაკავშირებით გრანდიოზული კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები: ლელა წურწუმია, ანრი ჯოხაძე,ნინი ბადურაშვილი და ინდირა ჯგერნაია მიიღებენ. ზუგდიდში ოლიმპიური ცეცხლი 2 ივლისსაც დარჩება და ის დადიანების სასახლის ეზოში განთავსდება.
3 ივლისს ოლიმპიურ ცეცხლს წალენჯიხა, 5 ივლისს კი საზღვაო კურორტი ანაკლია უმასპინძლებს. 6 ივლისს ორგანიზატორები ოლიმპიურ ცეცხლს მესტიაში ჩაიტანენ. ოლიმპიური ჩირაღდანი ევროპის ყველაზე მაღალ სოფელ უშგულსაც დაიპყრობს, სვანეთიდან კი გეზს დედაქალაქისკენ აიღებს.
ოლიმპიური ცეცხლი საქართველოში ათენიდან 28 მაისს ჩამოიტანეს და მას შემდეგ რეგიონებში მოგზაურობს. ის სამეგრელოში 27 ივნისს შემოვიდა და უკვე მოიარა ფოთი, ხობი და სენაკი. დღეს 29 ივნისს კი ოლიმპიურ ჩირაღდანს მარტვილი და აბაშა უმასპნძლებენ, ხვალ, 30 ივნისს კი ჩხოროწყუ.
2015 წლის ზაფხულის რიგით მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში 26 ივლისს გაიხსნება.
ოლიმპიური ცეცხლი სამეგრელოშია
მასალის გამოყენების პირობები