დღეს, 12 საათზე ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე ავტო და მოტომოყვარულთა რეგიონული შეჯიბრი დაიწყება. ღონისძიებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის ავტო-მოტომოყვარულებთან ერთად მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდანაც მიიღებენ.
ავტო-მოტომოყვარულთა შოუ ზუგდიდში 2 დღის განმავლობაში 4 და 5 ივლისს ჩატარდება. პირველ დღეს ასპარეზს მოტოშოუ, მეორე დღეს კი ავტოშოუ დაიკავებს.
ავტო-მოტომოყვარულთა შოუ საქველმოქმედო ხასიათის იქნება და შემოსული თანხა თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება. ღონისძიების მიმდინარეობისას ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე საქველმოქმედო ყუთები რამდენიმე ადგილას განთავსდება.
ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი მასშტაბის სპორტული სანახაობა სამეგრელოში პირველად ჩატარდება, ღონისძიებას მუსიკალურად ცნობილი DJ-ები გააფორმებენ. გამარჯვებული კი ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდება.
სანახაობაში მონაწილეობას მიიღებენ და ერთმანეთს შეეჯიბრებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები. ავტო და მოტომოყვარულთა შოუზე ელოდებიან საქართველოს მთავრობის წევრებსაც.
შეჯიბრის ორგანიზატორი „Western Drivers Club - სამეგრელო“-ა. ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახლემწიფო რწმუნებულის აპარატის მხარდაჭერით ტარდება. შეხვედრის სპონსორები „ვისოლი“, „კოკა-კოლა“ და „სოკარი - ყულევის ნავთობ ტერმინიალი“ არიან.
ორგანიზატორებმა რეგიონული შეჯიბრის დაწყებამდე, 2 ივლისს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში „პრომო მარში“ გამართეს, რომელშიც მონაწილეობა ავტო და მოტო მოყვარულებმა მიიღეს. მარშს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია მიუძღოდა. ავტო და მოტომოყვარულებმა ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშის, მარტვილის და ჩხოროწყუს ქუჩები შემოიარეს.
მასალის გამოყენების პირობები