რუბრიკები
მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი მესტიაში
ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგის მიზნით, მესტიის მუნიციპალიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი, მოადგილე გიორგი როინიშვილი და სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია. ასევე ჭუბერში იმყოფებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი. მათ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელ კაპიტონ ჟორჟოლიანთან ერთად ადგილზე მოინახულეს სოფელ ლახამში ივნისის თვეში სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზა. ასევე დაათვალიერეს იმ მოსახლის საკარ-მიდამო ტერიტორია, რომელსაც მდინარე ნენსკრა ადიდების შედეგად უქმნის საფრთხეს. აღნიშნეს მდგომარეობის სირთულე და დასახეს პირველ რიგში გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებები. ასევე იმსჯელეს, პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭირო ძირითადი ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო თანხების მოძიების გზებზე. ინფორმაციას ამის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს.
დღეს 7 ივლისს, ისინი თეთნულდის სათხილამურო კურორტის მშენებლობასა და დაბა მესტიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებენ.
ასევე გაიმართება სამუშაო თათბირი, სადაც განიხილება მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი და დაფინანსების საკითხები პრიორიტეტების მიხედვით.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები