ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებულ პროეტქტებთან დაკავშირებით შენიშვნები და კითხვები აქვთ. დეპუტატებმა დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე პროგრამების მართვის სამსახურის უფროსს რუსლან კილანავას სხვადსხვა პროექტთან დაკავშირებით განმარტებები მოსთხოვეს. დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განსახორციელებელ პროექტებში ცვლილებების შეტანას უყარეს კენჭი.
ახალსოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ქოჩუამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებულ პროექტებთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნა გამოთქვა. დეპუტატი დაინტერესდა, თუ რატომ იხარჯება 10 ათასი ლარი სოფლებში მოსაცდელების მოსაწყობად, მაშინ როდესაც, მისივე თქმით, ამისთვის გაცილებით ნაკლები თანხის დახარჯვა არის შესაძლებელი. მან ასევე, აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არის 4-6 ათასი ლარის სხვაობა მინი - სტადიონების მნშენებლობაზე გათვალისწინებულ თანხებს შორის.
„ასევე მაინტერესებს, ჯუმის ხიდის პროექტს რა ბედი ეწია, 4 თვეა პასუხს ველოდები. ბატონო რუსლან, იმ ხიდზე რამე უბედურება მოხდება და პასუხისმგებლობა პირადად თქვენ დაგეკისრებათ, რადგან ეს საკითხი არის თქვენი და თქვენი სამსახურის მოვალეობა “, - უთხრა ირაკლი ქოჩუამ პროგრამების მართვის სამსახურის უფროსს რუსლან კილასონიას.
თავის მხრივ, რუსლან კილასონიამ ქოჩუას უპასუხა, რომ ჯუმის ხიდი მუნიციპალური საკუთრებაში არ არის და ამ პრობლემას საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოაგვარებს.
„მივიღეთ წერილი, რომ ამ ხიდის პროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. თუ თქვენ რაიმე სხვა ზემოქმედების ხერხები გაგაჩნიათ, ჩვენც ამოგდგებით გვერდში“, - უთხრა კილასონიამ ახლსოფლის მაჟორიტარ დეპუტატს.
მინის - სტადიონების პროექტების მიზნობრიობით ასვე დაინტერესდა სოფელ ოქტომბრის მაჟორიტარი მამუკა წოწერია. მისი თქმით, 24 ათასი ლარი, რომელიც სტადიონების მშენებლობისთვის იხარჯება,უმჯობესია სოცილური პროგრამისკენ მიიმართოს, რომლის ფარგლებში მძიმე საცხორვებელი პირობების მქონე ოჯახებისთვის სახლების მშენებლობა იგეგმება.
აბასთუმანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ედიტა კოდუამ ყურადღება ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე გაამახვილა. მისი თქმით, პროექტების განხორციელება ჭიანურდება და მოსახლეობა პასუხებს ითხოვს.
„იწყება თუ არა სამუშაოები? ვამტკიცებთ, შეგვაქვს ცვლილებები, მაგრამ გვაინტერესებს, რა გაკეთდა ამ შვიდი თვის განმავლობაში? ერთხელ და სამუდამოდ სოფელში თუნდაც ერთი პროექტის განხორციელება მაინც ხომ უნდა დაიწყოს?! რამდენი ხანი უნდა ველოდოთ ამ არარეალურ ხარჯთაღრიცხვებს? - თქვა ედიტა კოდუამ. მის განცხადებას, საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია დაეთანხმა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ სამუშაოები დაპროექტირების მათი ხარჯთაღრიცხვის პროცესმა გააჭიანურა.
გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა მალხაზ ჭეჟიამ განმუხურის სტადიონის პრობლემაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, აღნიშნულ სოფელში სტადიონი, რომლის მშენებლობა ბიუჯეტს 5 მილიონი ლარი დაუჯდა, ინგრევა და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. ამასთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ საფეხბურთო სტადიონი ყოფილმა ხელისუფლებამ ხალხისგან მიტაცებულ ტერიტორიაზე ააშენა და ამჟამად ამ საკითხს იკვლევენ.
„პირადად ვარ ჩართული ამ საკითხში. 7 200 კვ/მ ტერიტორიაა მიტაცებული და იმ ხალხთან ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - თქვა ლაშა გოგიამ
დასასრულს, საკრებულოს წევრები შეთანხმდენენ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებულ პროექტების მიზანშეწონილობაზე ბიუროს სხდომებზე კვლავ იმსჯელებენ და ამის შემდეგ გადაწყდება, საჭიროა თუა არა, დროებითი კომისიის შექმნა, რომელიც ზემოაღნიშნულ საკითხებს შეისწავლის.
მასალის გამოყენების პირობები