საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ზუგდიდში ვლაქერნის ღვთისმშობლის კვართის დადების დღესასწაულს აღნიშნავს.
ამ დღესასწაულთან დაკავშირებით 09:00 საათზე ზუგდიდში, დადიანების სასახლის მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართითა და რამდენიმე წმინდანის წმინდა ნაწილებით ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობა დაიწყება. მსვლელობაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და მომლოცველები. მსვლელობით ღვთისმშობლის კვართი, წმინდანების წმინდა ნაწილებთან ერთად 10:00 საათისთვის გადაბრძანდება საკათედრო ტაძარში და დაიწყება საღმრთო ლიტურგია, რომელსაც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე დღესასწაულზე ჩასულ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.
მომლოცველებს ღვთისმშობლის კვართთან და სიწმინდეებთან მიახლების შესაძლებლობა დღის ბოლომდე ექნებათ, სანამ ყველა მსურველი არ მოილოცავს. შემდეგ ღვთისმშობლის კვართს და სიწმინდეებს კვლავ მსვლელობით მუზეუმში გადააბრძანებენ.
წლების წინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის ადგილსამყოფელი საზოგადოებისთვის უცნობი იყო. საბჭოთა პერიოდის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის ზუგდიდის დადიანების სასახლეში ესვენა.ისტორიული წყაროების მიხედვით,წლების განმავლობაში ის, ძირითადად, ხობის მონასტერში იყო დაბრძანებული.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის საქართველოში მოხვედრის ორი ვერსია არსებობს. პირველის თანახმად, ის მე-8 საუკუნეში ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლიდან ჩამოიტანეს; მეორეს მიხედვით კი - მე-15 საუკუნეში, კონსტანტინეპოლის თურქთაგან დაპყრობის (1453 წ.) შემდეგ.
ბოლო რამდენიმე წელია, რაც ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანება ზუგდიდის ახლად აშენებულ საკათედრო ტაძარში ხდება. მანამდე ღვთისმშობლის კვართს სიწმინდეებთან ერთად დღესასწაულის დღეს დადიანების სასახლის ეზოში არსებულ ვლაქერნას ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში წირვაზე გადააბრძანებდნენ.
კონსტანტინეპოლის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც ყოვლადწმიდა ქალწულის სამოსელი, თავსაბური და სარტყელის ნაწილი ინახებოდა, X საუკუნის შუა წლებში ანდრია სალოსმა ღამისთევაზე ზეციური შუქით გაცისკროვნებული ღვთისმშობელი ანგელოზებისა და წმიდათა დასის თანხლებით იხილა. მას იოანე ნათლისმცემელი და იოანე ღვთისმეტყველი კრძალვით მოაბრძანებდნენ.
ყოვლადწმიდამ მუხლი მოიყარა და ცრემლებით უფალს საქრისტიანოს დიდხანს ავედრებდა.შემდეგ ტრაპეზთან მივიდა და იქ განაგრძო ლოცვა. ბოლოს კი თავსაბური მოიხსნა და ტაძარში შეკრებილ მლოცველებს გადააფარა. ღვთისმშობელი ქალწული ღვთაებრივი დიდებით ბრწყინავდა, თავსაბური კი მის ხელში მზეზე უბრწყინვალესად ელვარებდა.
მასალის გამოყენების პირობები