რუბრიკები
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები "მომავლის ბანაკში" დაისვენებენ
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის "მომავლის ბანაკში" დაისვენებენ.
დღეს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის "მომავლის ბანაკს" მოზარდების მეორე ნაკადი ეწვევა. მათ შორის იქნებიან დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარებიც. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ, "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ცოფურაშვილმა, უფროსის მოადგილემ ნინო ვადაჭკორიამ და პროექტის ხელმძღვანელმა თეა ყიფშიძემ ბანაკის მონაწილეებს ნაყოფიერი და საინტერესო დღეების გატარება უსურვეს.
"ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში, "მომავლის ბანაკში" ჯამში ჩვენი 50 ბენეფიციარი დაისვენებს. ათი დღის განმავლობაში მათ ელოდებათ ძალიან საინტერესო პროგრამა. ანაკლიაში დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების ყველაზე აქტიური წარმომადგენლები დაისვენებენ", _ განაცხადა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ.
"მომავლის ბანაკის" პროექტის ხელმძღვანელის თეა ყიფშიძის ინფორმაციით, ბანაკის მეორე ნაკადისთვის მოზარდები საქართველოს 16 ქალაქიდან შეირჩნენ. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის "მომავლის ბანაკი" 5 ივლისს გაიხსნა. პროგრამის მიზანია: სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები