რუბრიკები
დასავლეთ საქართველოში კოღოსთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო
დასავლეთ საქართველოში კოღოსთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო. მას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ახორციელებს.
ღონისძიებების მიმდინარეობას დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე, სამეგელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ფოთის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია გაეცნენ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერმული ნისლითა და ბიოლოგიური პრეპარატით უკვე დაამუშავა 612 ჰა(ფოთი, ურეკი, შეკვეთილი, ქობულეთი, ბათუმი) ფართობი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სააგენტომ ბიოლოგიური პრეპარატით დაამუშავა წყალსატევები, დაჭაობებული ადგილები, სადაც მასიურად აღინიშნებოდა კოღოს მატლების გავრცელება, მათ შორის ბათუმში-16 ჰა, ფოთში - 40 ჰა.
ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში პირველად გამოყენებულია ამერიკული წარმოების ბიოინსექტიციდი "ვეკტობაკი" რომელიც სპეციალურად შექმნილია კოღოს მატლების გასანადგურებლად წყლის ზედაპირზე და ეფექტურია 20-30 დღის განმავლობაში. პრეპარატი რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. უწყების ინფორმაციით, იგი აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანებისთვის, ცხოველებისთვის, თევზებისა და ფუტკრებისთვის.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები