ფოთის საზღვაო ნავსადგურში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, მალტის დროშით მცურავი გემი CHELSEA-2 დააკავეს. სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა, ფოთის საზღვაო ნავსადგურში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე მალტის დროშით მცურავი გემი CHELSEA-2 დააკავეს. კერძოდ, მალტის დროშით მცურავი გემმა ნაოსნობის განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონში, მოძრაობისას არ გაითვალისწინა აღნიშნულ რაიონში მოძრაობის ორგანიზება, არ იმოძრავა დადგენილი მიმართულებით, გადაკვეთა ჩრდილოეთ-დასავლეთი ზონის მოძრაობის გამყოფი ზონა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით). გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმა - 50 000 ლარის ოდენობით დაეკისრა. ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
მასალის გამოყენების პირობები