დღეს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალმა და პაციენტებმა დაწესებულებაში გაურკვეველი კომპანიის შესვლის მცდელობა გააპროტესტეს. ერთ-ერთმა პაციენტმა პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრა. აქციის მონაწილეების განმარტებით, შენობა რამდენიმე წლის წინ კომპანია „ბლოკ ჯორჯიამ“ შეისყიდა, თუმცა მოგვიანებით ხელშეკრულება გაუქმდა და ახლა ეს კომპანია საავადმყოფოს მისაკუთრებას ცდილობს.
„დღეს მოვიდნენ და განგვიცხადეს, რომ ახალი დირექტორი გვყავს და მადონა სართანია გათავისუფლებულია. ადმინისტრაციის ძირითადი ბირთვის შეცვლას გეგმავენ, საბოლოოდ კი დაწესებულების გაუქმება სურთ, რასაც არ დავუშვებთ“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
დღესვე, როგორც კომპანიის წარმომადგენლები, ასევე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მადონა სართანია დაიკითხნენ. სართანია თაღლითურ სქემებზე საუბრობს და უცხო პირებისთვის საავადმყოფოს დათმობას არ აპირებს.
მადონა სართანიას ცნობით, სწორედ მსგავსი ქმედებების გამო უკვე თვენახევარია, რაც „C ჰეპატიტის“ სახელმწიფო პროგრამის განხორციელება ფერხდება. რაც შეეხება, სართანიას მიერ დასახელებულ პირებს, რომლებიც ზემოთხსენებულ საქმესთან კავშირში არიან, მედიის წარმომადგენლები ვერ უკავშირდებიან.
მასალის გამოყენების პირობები