GEM fest-ის მულტი პასის ღირებულება განახევრდა და საფესტივალო ტერიტორიაზე მოხვედრა უკვე 50 ლარად არის შესაძლებელი.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ორგანიზატორებმა საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო მიიღეს და ყველა მსურველს GEM fest-ზე დასწრების შანსს აძლევენ. მათივე ინფორმაციით, ყველა გაყიდული ბილეთის ღირებულების ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდება.
"ფესტივალი, ოფიციალურად, 7 აგვისტოს დასრულდება, თუმცა გართობის ტემპერატურა არ დაეცემა. After party 9 აგვისტოს ჩათვლით გასტანს. ამჟამად, საფესტივალო ტერიტორიაზე ათასობით მელომანი იმყოფება. დამონტაჟებულია 5 სცენა, მათ შორის ერთი ზღვაში, მეორე კი აქვაპარკში. მოეწყო კინოთეატრები ღია ცის ქვეშ და საგამოფენო სივრცეები. რაც მთავარია, კვების ობიექტებში ფასების კონტროლი მკაცრად მიმდინარეობს.GEM fest ნამდვილად შევა ფესტივალის სტუმრების სასიამოვნო მოგონებების ნუსხაში", - აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.
ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე ფესტივალის ორგანიზატორები ახალ განცხადებას ავრცელებენ და მთელ საქართველოს GEM fest-ის გრანდიოზული დახურვის ცერემონიაზე ეპატიჟებიან:
"დღეს 20:30 ანაკლიაში ჩვენი გამოცდის ბოლო ეტაპია, ყველამ ერთად ვაჩვენეთ ერთობის ძალა, ვაჩვენეთ ყველას , რომ ქართველებს არავისზე ნაკლებად არც ერთიანობა შეგვიძლია, არც ფესტივალის თუ დიდი, გრანდიოზული ღონისძიების ორგანიზება. ჩვენ ერთად შევქმენით ბრენდი, რომელიც მხოლოდ ჩ ვ ე ნ გვეკუთვნის. GEM ჩვენია და ის ბევრჯერ გახდება ჩვენი სიამაყის, თავისმოწონების და ზეიმის საბაბი. ძალიან ყურადღებით დაგვაკვირდა მსოფლიო რა სიგიჟეს ჩავდიოდით, როდესაც ქვეყნის კიდეში, სამეგრელოს ერთ პატარა სოფელში ვარსკვლავთცვენა, ზეიმი და დიდი დღესასწაული დავაანონსეთ. ჩვენ შევძელით ეს და ერთმანეთს ვუთხარით - ჩვენ გვინდა, ჩვენ შეგვიძლია! მოვა დრო, ჩვენგან ისწავლის ბევრი , თუ სად , როგორ და რა სახით უნდა ჩატარდეს გრანდიოზული ღონისძიება ისე, რომ ყველა ბედნიერი და კმაყოფილი იყოს. ისე, რომ პლანეტამ ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი და დიდი მომავლის მქონე სამშობლო გაიცნოს.
დღეს GEM FEST–ის ოფიციალური დახურვის ღონისძიება გრანდიოზული შოუთი, ფეიერვერკით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია , ჩვენი სახელოვანი თანამემამულის ნინო ქათამაძის კონცერტით გალამაზდება.
ჩვენ დღეს ე რ თ ა დ ვიზეიმებთ ჩვენი პატარას დაბადებას, რომელსაც ერთად გავზრდით და ის აუცილებლად არაერთხელ გვასახელებს!
დღეს ჩ ვ ე ნ 20:30 ანაკლიაში შევხვდებით !"
მასალის გამოყენების პირობები