საქართველოში წელს თხილის მცირე მოსავალს ელიან. სამეგრელოსა და გალის ტერიტორიაზე ძლიერმა სიცხემ და ქარმა მოსავლის დიდი ნაწილი გააფუჭა. სწორედ მცირე მოსავალია ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადგილობრივები თხილზე ფასის ზრდას ვარაუდობენ. როგორც თხილის მწარმოებელთა ასოციაციში ამბობენ, დაზუსტებული მონაცემები აგვისტოს ბოლოს იქნება ცნობილი, როცა მოსავლის აღება დასრულდება. ამ დროისთვის, ქარხნებში ერთი კილოგრამი თხილის ფასი 5-დან 7 ლარამდე მერყეობს. მწარმოებელთა თქმით, მიმღებ პუნქტებში თხილის ფასი დღეში რამდენჯერმე იცვლება, რაც თხილის ხარისხიდან გამომდინარეობს. გასულ წელს, ბაზარზე ერთი კილოგრამი თხილის ფასი 10-11 ლარი იყო. მწარმოებლების ვარაუდით, მიმდინარე წელს თხილის ფასი შესაძლოა 14 ლარამდე გაიზარდოს, რადგან მოსავალი მცირეა, მოთხოვნა კი მაღალი.
„ამ ზაფხულს მოულოდნელად მოვარდნილ ცხელმა ქარმა თხილის მოსავლის დიდი ნაწილი ჩამოყარა და გაანადგურა. ამის შემდეგ თითქმის ორი კვირა არ უწვიმია და ხეზე დარჩენილი ნაყოფიც დაზიანდა - თხილის გული დამჭკნარია და უხარისხოა. მე ზუგდიდშიც მაქვს თხილის ბაღები და ქარმა თხილის მოსავლის 70-80% გაანადგურა. ზარალის გარდა სხვა პრობლემაც გვაქვს, იქნებ ხმა მიაწვდინოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ დაგვეხმარონ და გვირჩიონ როგორ მოვიქცეთ. წელს, თხილს ჩვენთვის აქამდე უცნობი დაავადება გაუჩნდა. ხე ობს იკიდებს და გაფუჭდა ნარგავები. ამბობენ, სოკო არისო. ადრე მსგავსი არაფერი გვინახავს და არ ვიცით, როგორ ვუმკურნალოთ. ხალხის ვარაუდით წამლობს ნარგავებს, ერთმანეთს ვეკითხებით რჩევას როგორ მოვიქცეთ, მაგრამ როცა არ იცი საქმე რასთან გაქვს, რა გინდა, რომ გავაკეთო? ხომ შეიძლება სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ პრობლემით დაინტერესდეს და საინფორმაციო კამპანია მაინც ჩაატაროს, რომ გავიგოთ რა დაავადებასთან გვაქვს საქმე, რა პრეპარატი სჭირდება, რომ სულ არ გაფუჭდეს. მართალია, ოკუპირებულ ზონაში ვერ გადმოვლენ, მაგრამ სამეგრელოში ჩასვლა ხომ შეიძლება? როცა ქარმა თხილის მოსავალი გაანადგურა, მაშინ თქვეს, თითქოს, მოსახლეობას კომპენსაციით დავეხმარებითო, მაგრამ არავინ მოსულა. გასაგებია, სახელმწიფო ყველას ვერ დაეხმარება, თან თხილი დაზღვეული არც გვქონდა, მაგრამ რისი გაკეთებაც შეუძლიათ, ის მაინც გააკეთონ დროულად,“ - ამბობს სამეგრელოს მკვიდრი მარინა კვირკველია.
თამარ სორდია საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის რეგიონალური კოორდინატორი: „ზუგდიდში, დაბალი ზონის სოფლებში, თხილის 70-80% განადგურდა. მაღალ ზონაში - წალენჯიხა, ჩხოროწყუსა და მიმდებარე სოფლებში შედარებით უკეთესი ვითარებაა. ფაქტობრივად, ქარსაცავი ზოლი არ არებობს, რამაც ეს შედეგი გამოიწვია. საბჭოთა კავშირის დროს არსებული ქარსაცავები აღარ არის. მოსახლეობას და თხილის მწარმოებლებს ქარსაცავი ზოლების გაშენებას ვურჩევთ. მართალია, ეს სტიქიას ვერ შეაჩერებს, მაგრამ სტიქიით გამოწვეულ ზარალს ბევრად შეამცირებს.“
თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ თხილის მოსავალი გასულ წელსაც მცირე იყო, რადგან ყინვამ თხილის დიდი ნაწილი დააზიანა. რაც შეეხება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას, ბოლო რამდენიმე წელია, რაც გალში თხილის მიმღები პუნქტები გახსნეს. თუმცა, გალელები თხილის გაყიდვას ზუგდიდში ამჯობინებენ, რადგან იქ გაცილებით მეტი ღირს. გალში ერთი კილოგრამი თხილის ფასი 5-5,50 ლარია, თუმცა, ოკუპირებული ტერიტორიიდან თხილის გატანა დიდ რისკთან არის დაკავშირებული.
მასალის გამოყენების პირობები