ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ერგეტაში მივიწყებული ტრადიცია ბრუნდება. მარიამობის დღესასწაულზე სოფელში გრანდიოზული მარულა ჩატარდება.
ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის ადმინისტრაციის პატრონაჟით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით იმართება. პროექტი ტრადიციების აღდგენა-პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. სოფელ ერგეტასა და ორულუში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით , ტრადიციულად მარულაში ერთმანეთს მიმდებარე სოფლებიდან გამორჩეული ცხენოსნები ეჯიბრებოდნენ.
მარულა ცხენოსნური სპორტის უძველესი ქართული სახეობაა – დოღი გრძელ მანძილზე. წინათ დისტანცია იყო 25-30 კმ, დღეს – 8-10 კმ. ადრე მარულაში მოზრდილებთან ერთად ბავშვებიც მონაწილეობდნენ. განსაკუთრებით გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში.
მარულა ერგეტაში 28 აგვისტოს 17 საათზე დაიწყება, სადაც დასწრება თავისუფალია. ცხენოსნები ერთმანეთს მარულაში, ყაბახსა და მოქნევაში შეეჯიბრებიან. გამარჯვებულები და უხუცესები, შეჯიბრის დასრულების შემდეგ სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდებიან.
სოფელ ერგეტას მიმართულებით უფასო მუნიციპალური ავტობუსები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გავლენ.
მასალის გამოყენების პირობები