ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა. დოკუმენტაციის თანახმად, ელექტრონული ტენდერი 16 საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოები სექტემბერში დაიწყება და ოქტომრის ბოლოს დასრულდება.
სანტენდერო დოკუმენტაციის მიღება 27 აგვისტოს დასრულდა. ტენდერში სულ ორმა სამშენებლო კომპანიამ შპს "გილანი XXI" და შპს "შაკო+" მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებული კომპანია მუნიციპალიტეტის გამგეობას ჯერ არ გამოუვლენია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლები ამორტიზირებულია და რემონტს არ ექვემდებარება, 35კვ/მ-მდე საცხოვრებელ სახლებს საკუთარ კარ-მიდამოში აუშენებს.
პროგრამის განხორციელებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 350 ათასი ლარია გათვალისწინებული. წელს 16 სახლის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნული პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ე.წ. ერთჯერადი 100 ლარიანი დახმარების გაცემის ნაცვლად ხორციელდება. პროექტის იდეა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს გიზო სართანიას ეკუთვნის.
მასალის გამოყენების პირობები