"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პარტიამ შესაბამისი რეგისტრაცია გაიარა. საკრებულოს შუალედურ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა" "ქრისტიან-კონსერვატიულ პარტიასთან" ბლოკის სახით იქნება წარმოდგენილი, პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე კი – დამოუკიდებლად. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდა და მასში მონაწილეობას არ გეგმავდა.
პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით 31 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, #65 მარტვილის და #11 საგარეჯოს ოლქებში ჩატარდება, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს შუალედური არჩევნები ხობის, დმანისის, ვანის, და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში.
მასალის გამოყენების პირობები