ღონისძიებაზე "მომავლის ბანაკის" მონაწილეებმა და ლიდერებმა ბანაკის ათი თემატური დღე (გაცნობის, დამეგობრების, ოლიმპიადის, ნორჩი მაშველების, გენდერული თანასწორობის, ტოლერანტობის, სამოქალაქო საზოგადოების, ეკოლოგიის, საქართველოს და დამშვიდობების დღე) წარადგინეს.
სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული გუნდები მედლებით, თასებით და ცენტრის კონკურსების შედეგად გამოცემული წიგნებითა და კალენდრებით დაჯილდოვდნენ. ოლიმპიადა სპორტის ხუთ სახეობაში გაიმართა. ესენია: ფეხბურთი, კალათბურთი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი და ფრენბურთი.
ელექტრონული წიგნების სახლმა "საბა" ანაკლიის "მომავლის ბანაკის" ყველა მონაწილეს (1728 მოზარდი), 10 წიგნი უფასოდ გადასცა.
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი "მომავლის ბანაკს" საქართველოს მთავრობის განკარგულებით ახორციელებს. პროექტში ჩართულმა ახალგაზრდებმა გაიარეს სპეციალურად შემუშავებული მოდულები (როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები) ადამიანისა და ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენის და საქართველოს ისტორიის შესახებ. ჰქონდათ სპორტული აქტივობები ოლიმპიადის პრინციპით. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა მოზარდებს შეასწავლეს სამაშველო ღონისძიებების გატარება და საგანგებო სიტუაციების მართვის ხელოვნება.
საღამო ფლეშმობითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები