ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 859.3 ათასი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. აღნიშნული თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ორი ახალი პროექტისთვის - სოფელ ახალაბასთუმანის საავტომობილო გზის და სოფელ ყულიშკარის წყალმომარაგების რეაბილიტაციისთვის გამოიყო. კერძოდ, 450 ათასი ლარი საავტომობილო გზის მშენებლობისთვის, ხოლო 524 ათასი წყალმომარაგებას მოხმარდება.
„ორივე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. გამოყოფილი თანხის ერთი ნაწილით მთლიანად მოხდება სოფელ ყულიშკარის მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება, არც ერთი ოჯახი წყლის გარეშე არ დარჩება. ორივე პროექტზე მუშაობა წელს დაიწყება“, -უთხრა რადიო „ათინათს“ საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიამ.
ამასთან, საკრებულოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი, სხვადასხვა პროექტებზე გამოცხადებული ტენდერებიდან მიღებული ეკონომიის შედეგად, 114.8 ათასი ლარით შემცირდა. მათ შორის გზებისა და ხიდ-ბოგირების რეაბილიტაციიდან მიღებული ეკონომიით.
ზემოაღნიშნული ცვლილებების შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი 21 მილიონ 494.3 ათასი ლარით განისაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები