ზუგდიდელმა 9 წლის ლუკა ნადარაიამ ბათუმის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ფესტივალის ფარგლებში, ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის მასტერ -კლასები ჩატარდა. 14 სექტემბერს კომპეტენტური ჟიურის მიერ შერჩეულმა ნორჩმა მუსიკოსებმა გალა კონცერტი გამართეს.
„გასულ კვირას ვიყავი ბათუმში, გამოჩენილი ქართველი მუსიკოსის ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდის "ლირა"მიერ ორგანიზებული მუსიკის ფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ მასტერ კლასებზე, სადაც ქალბატონმა ელისომ შემარჩია ნორჩი ტალანტები კონცერტში მონაწილეობის მისაღებად. ეს რომ გავიგე, სიხარულით გავგიჟდი და უცებ დავურეკე დედიკოს და მამიკოს, რომ გამეხარებინა ისინი. ასევე, მონაწილეობა მაქვს მიღებული რამდენიმე საერთაშორისო და რესპუბლიკურ კონკურსში. ვარ, საქართველოს ხელოვანთა კავშირის მიერ ორგანიზებული ფესტივალის „მომავლის ვარსკვლავი“ სამგზის ლაურეატი“ , - უთხრა რადიო „ათინათს“ ლუკა ნადარაიამ.
ფესტივალი 10 სექტემბერს დაიწყო და 15 თებერვალს გალა კონცერტით დასრულდა. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს ცნობილიმა დირიჟორმა ლორან პეტიჟირარამ უდირიჟორა. სოლისტი- პიანისტი, იუნესკოს მშვიდობის არტისტი, ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ბოლქვაძე იყო. შესრულდა ლორან პეტიჟირარის „მარტოსული“, ცეზარ ფრანკის სიმფონია" რე-მინორი" და პეტრე ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი და სხვ.
ფესტივალში მონაწილეობდნენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან - საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, იაპონიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ასევე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი. ფესტივალის დასკვნითი გალა-კონცერტი იუნესკოს 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.
მასალის გამოყენების პირობები