ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, უკიდურესად შეჭირვებულ და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესი რამდენიმე სოფელში დაათვალიერა.
გამგეობის ცნობით, სოფლებში ჭითაწყარში, ცაცხვსა და ჩხორიაში ერთი ერთოთახიანი და ორი სამოთახიანი სახლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
ედიშერ თოლორაია ბენეფიციარებს საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობას დაჰპირდა და განაცხადა, რომ სახლები, სადაც ბენეფიციარები იცხოვრებენ, კომფორტული იქნება .
„ამ ეტაპზე საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოები 13 ადმინისტრაციულ ერთეულში ერთდროულად მიმდინარეობს და ის 45 დღეში დასრულდება. პროექტის მიხედვით, 22 – 41 კვ/მ ერთოთახიანი და სამოთახიანი სახლები აშენდება. ერთოთახიანი სახლები მარტოხელა და ორსულიანი ოჯახებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო სამოთახიანი, სამი და მეტი წევრისგან შემდგარი ოჯახებისთვის“, - აცხადებენ გამგეობაში.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლები ამორტიზირებულია და რემონტს არ ექვემდებარება, 35კვ/მ-მდე საცხოვრებელ სახლებს საკუთარ კარ-მიდამოში აუშენებს.
პროგრამის განხორციელებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 350 ათასი ლარია გათვალისწინებული. წელს 16 სახლის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნული პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ე.წ. ერთჯერადი 100 ლარიანი დახმარების გაცემის ნაცვლად ხორციელდება. პროექტის იდეა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს გიზო სართანიას ეკუთვნის.
მასალის გამოყენების პირობები