ქალაქ ზუგდიდში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში სამშენებლო კომპანიებმა მონაწილეობა არ მიიღეს. შესაბამისად, ტენდერი არ შედგა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სტადიონის მშენებლობაზე განმეორებით ტენდერი 18 სექტემბერს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 28 სექტემბერს დასრულდა.
ზუგდიდის სტადიონის მშენებლობაზე პირველად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია, რომელიც რუსეთის ფედერაციაში იყო რეგისტრირებული, სატენდერო კომისიის მიერ დისკვალიფიცირებულ იქნა. სამშენებლო კომპანიას, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, უარი არასრულყოფილი დოკუმენტების წარდგენის გამო განეცხადა.
“ფიფას” სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში იგეგმება. სამშენებლო სამუშაოები სამ ეტაპად განხორციელდება: პირველი ეტაპი 2015 წლის 10 დეკემბრამდე დასრულდება, მეორე ეტაპის - 2016 წლის 10 დეკემბრამდე , ხოლო მესამე ეტაპისა – 2017 წლის 30 სექტემბრამდე.
სტადიონის მშენებლობა „თბილქალაქ პროექტ“- მა დააპროექტა. მისი ღირებულება ჯამში 16 მლნ ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები