საერთაშორისო კომედიის „საზღვრების გარეშე“ საპრემიერო ჩვენებები, რომელთა რეჟისორები გიგინეიშვილის გარდა, რომან პრიგუნოვი და კარენ ოგანესიანი არიან, თბილისსა და ერევანში გაიმართა. ფილმის გადაღებები, ნაწილობრივ, სწორედ ამ 2 დედაქალაქში მიმდინარეობდა, „საზღვრების გარეშე“ მოგვითხრობს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების ურთიერთობის შესახებ, მასში მთავარ როლებს ასრულებენ ანა ჩიპოვსკაია, რავშანა კურკოვა, ალექსანდრ პალი, ეგორ კორეშკოვი და მილოშ ბიკოვიჩი.
ცოტა ხნის წინ, სურათის პრემიერა საქართველოში შედგა, სადაც გიგინეიშვილი გადამღებ ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა. რასაკვირველია, სტუმრებს მასპინძლობა თავად რეზო გიგინეიშვილმა გაუწია, რომელმაც უცხოელებს თბილისის მასშტაბით ექსკურსია მოუწყო, დაათვალიერებინა რეზო გაბრიაძის სახელობის თეატრი და ნარიყალას ციხე. სეირნობა ტრადიციული ქართული სუფრითა და ანსამბლ „შვიდკაცას“ სიმღერებზე ცეკვით დაგვირგვინდა.
შეგახსენებთ, რეზო გიგინეიშვილმა სურათის, სახელწოდებით „საზღვრების გარეშე“ „მოგზაურობა“ ივნისში მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალიდან დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები