ინგლისურენოვანი მკითხველი პირველად შეძლებს ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის უნიკალური პოემის „ვეფხისტყაოსნის“ 16-მარცვლიანი შაირის ფორმით წაკითხვას, ისევე როგორც ორიგნილაშია.
ბოლო 40 წლის მანძილზე, "ვეფხისტყაოსანის“ ახალი ინგლისური თარგმანი გამოვიდა, რომლის პრეზენტაცია 2015 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება.
ახალ გამოცემა მოამზადა გამომცემლობამ „პოეზია“. ”ვეფხისტყაოსანზე” მუშაობა მთარგმნელმა, პოეტმა და მწერალმა, ლინ კოფინმა 2012 წელს დაიწყო. პწკარედები შეასრულა პროფესორმა დოდონა კიზირიამ.
გამომცემლობა „პოეზიის“ წარმომადგენლის ნატო ალხაზიშვილის თქმით, თარგმანის მომზადებაზე მუშაობა, დაახლოებით, 3-4 წლის წინ დაიწყო.
„ქალბატონი ლინ კოფინი საქართველოში ჩამოვიდა 2011 წელს. ილიას უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს. დაინტერესდა ქართული პოეზიით და დაიწყო თარგმნა. ქართული პოეზიის ანთოლოგია გამოიცა, რომელშიც შევიდა „ვეფხისტყაოსნის“ ლინ კოფინის ინგლისურად ნათარგმნი პროლოგი. მას მერე მე დავინტერესდი ამ თარგმანით. გადავწყვიტე ქალბატონ ლინს დავხმარებოდი ამ საქმეში.
ლონდონში გუშინ ჩატარდა ამ თარგმანის პრეზენტაცია. ლონდონის მაღაზიებშიც არის. მე მაინც მგონია, რომ, ძირითადად, მაინც საქართველოში გაიყიდება. თუმცა ხელმისაწვდომი საზღვარგარეთაც იქნება. სულ 3 ათასი ეგზემპლარი გამოვეცით.
40 წელია, „ვეფხისტყაოსნის“ არანაირი თარგმანი არ გამოსულა. 1977 წლიდან. ეს თარგმანი კიდევ იმით განსხვავდება სხვებისგან, რომ შაირის ფორმაშია გაკეთებული. როგორც რუსთაველმა დაწერა იმავე ფორმითაა ნათარგმნი. მანამდე 4 თარგმანი იყო ინგლისურად, 3 -პროზაში, 1 - პოეზიის ფორმაში. ეს არის ზუსტად ისე, როგორც დაიწერა „ვეფხისტყაოსანი“. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს არის უნიკალური მოვლენა ჩვენს კულტურულ ცხოვრებაში“, - განაცხადა ნატო ალხაზიშვილმა.
ქართული ფილმის IV ფესტივალის ფარგლებში, „ვეფხისტყაოსნის“ ახალ თარგმანთან დაკავშირებით, 4 ოქტომბერს ლონდონში გაიმართა გამოცემის განხილვა, რომელშიც, მთარგმნელი ლინკ კოფინის გარდა, მონაწილეობას იღებდნენ მწერალი აკა მორჩილაძე და მთარგმნელი-ისტორიკოსი დონალდ რეიფილდი.
შეგახსენებთ, რომ "ვეფხისტყაოსნის" პირველი თარგმანი ინგლისურად მარჯორი სკოტ უორდროპმა შეასრულა პროზაული ფორმით. ეს თარგმანი პირველად 1912 წელს გამოქვეყნდა.
მასალის გამოყენების პირობები