ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებისთვის, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესი ჭითაწყარისა და ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაათვალიერეს. გამგეობის ცნობით, ამ ეტაპზე საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოები 13 ადმინისტრაციულ ერთეულში ერთდროულად მიმდინარეობს და ის დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება.
გამგეობა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის, რომელთა საცხოვრებელი სახლები ამორტიზირებულია და რემონტს არ ექვემდებარება საცხოვრებელ სახლებს საკუთარ კარ-მიდამოში აუშენებს. პროექტის მიხედვით, ერთოთახიანი (22 კვ/მ) და სამოთახიანი (41კვ/მ) სახლები აშენდება.
პროგრამის განხორციელებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 350 ათასი ლარია გათვალისწინებული. წელს 16 სახლის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნული პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ე.წ. ერთჯერადი 100 ლარიანი დახმარების გაცემის ნაცვლად ხორციელდება. პროექტის იდეა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს გიზო სართანიას ეკუთვნის.
მასალის გამოყენების პირობები