ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყოფილი უფროსი გონერ პაპავა მის მიმართ არსებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ თანამდებობიდან მისი გათავისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა რესურსცენტრში სამჯერ განახორციელა სხვადასხვა სახის შემოწმება, თუმცა სამსახურის მიერ არც ფინანსური და არც ადმინისტრაციული დარღვევა არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, არც ერთ თანამშრომელს შენიშვნა არ მიუღია, გაიცა მხოლოდ რეკომენდაციები. ის მოკლე ვადებში იქნა გათვალისწინებული“, - თქვა მან.
რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ მიღებული გადაწყვეტილება, რეალურად, განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს არ ეკუთვნის და ამაში „სხვა ჯგუფები“ არიან ჩართულნი. მისი თქმით, თამარ სანიკიძე ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც 2014 წლისარჩევნებისშემდეგ სკოლებისდეპოლიტიზირება შეძლო. აქვე, პაპავამ ზუგდიდში „სააკაშვილის ცხრაწლიან მმართველობაზე“ გადაღებული ფილმის ჩვენების შესახებ მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაუწყებაზე ისაუბრა და აღნიშნულში ადგილობრივი თვითმმართველობა დაადანაშაულა.
„სწორედ მათი მხრიდან იქნა შეცდომაში შეყვანილი სკოლის საუკეთესო პედაგოგები, დირექტორები, რომლებმაც დისციპლინარული სახდელი დაუმსახურებლად, თვითმმართველობის აქტიური ჩარევის შედეგად, მიიღეს “, - აცხადებს პაპავა.
ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ის განათლების სამინისტროს საქმიანობაში არ ერევა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გონერ პაპავა თანამდებობიდან 15 ოქტომბერს გაათავისუფლა. უწყებაში აცხადებენ, რომ გათავისუფლების მიზეზი სხვადასხვა დარღვევები გახდა. მათ შორის იყო ფინანსური და ადმინისტრაციული დარღვევები.
ამჟამად, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობას რესურსენტრის უფროსი სპეციალისტი მამუკა ბულია ასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები