გიგი წერეთელი იმედოვნებს, რომ პროკურატურაში საკადრო ცვლილებებს პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებების გაგრძელება არ მოყვება. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის პროკურორის მაია მწარიაშვილის გადადგომაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ახალი მთავარი პროკურორის უფლებაა, საკუთარი გუნდი სურვილისამებრ დააკომპლექტოს.
"მწარიაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ და ვფიქრობ, რომ როგორც იურისტი და პროფესიონალი, ის, შესაძლებელია, საკმაოდ კარგიც არის, მაგრამ როდესაც მოდის ახალი პროკურორი ან ნებისმიერი უწყების ხელმძღვანელი, მას ბუნებრივია, აქვს უფლება, ცვლილებები შეიტანოს სტრუქტურებშიც, პიროვნებებშიც, იმიტომ, რომ ამ გუნდზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება. მთავრია, რომ ამ ახალმა ცვლილებებმა პროკურატურაში არ მოიტანოს კიდევ უფრო აგრესიული დამოკიდებულება. პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს ბევრი საქმე, რომელიც არსებობს, განსაკუთრებით ისინი, რომლებზეც მიანიშნებენ, რომ არსებობს მოტივები პოლიტიკური საფუძვლებით აღძვრისა. ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი არ იყო კმაყოფილი სამართლიანობის აღდგენის ტემპებით, პირდაპირ ვთქვათ, დაპატიმრებული ადამიანების რაოდენობით და შესაძლებელია, ამან გარკვეული გავლენა იქონიოს პროკურატურის საქმიანობაზე მომავალში. მე ამას ნამდვილად არ მივესალმები. ვფიქრობ, რომ პროკურატურამ უპირველეს ყოვლისა, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ახალ პროკურორსაც ვუსურვებ, რომ მან გაცილებით უკეთ, სამართლიანად და ეფექტურად გააგრძელოს სამუშაო", - განაცხადა გიგი წერეთელმა.
მასალის გამოყენების პირობები