თბილისს სჭირდება მეურნე და არა პოლიტიკური განცხადებების გამკეთებელი მერი, - ამის შესახებ დავით ნარმანიას კანდიდატურის კომენტირებისას უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დავით ნარმანია არის ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი და იგი თბილისის მერობის კანდიდატად ნარმანიას დასახელებას მხარს დაუჭერს. რაც შეეხება, მერის წინასაარჩევნო კამპანიას, ირინა იმერლიშვილი განმარტავს, რომ კამპანიის დაწყებამდე დიდი დროა, თუმცა იმ შემთხვევაში თუ დავით ნარმანია საარჩევნო კამპანიას დაიწყებს, იგი მინისტრის უფლებამოსილებას მოიხსნის.
"დავით ნარმანია ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრი და კარგი მეურნე ადამიანია. ვფიქრობ, სწორედ ამ ნიშნით შეიძლება შეირჩეს მისი კანდიდატურა. თბილისს ძალიან სჭირდება მეურნე და არა პოლიტიკური განცხადებების გამკეთებელი მერი, ისევე, როგორც დღეს ჰყავს", - აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.
დავით ნარმანიამ გუშინ დაადასტურა, რომ თბილისის მერის პოსტზე მისი კანდიდატურა დასახელდება.
მასალის გამოყენების პირობები