უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინელ ხალხს მიმართავს. მიმართვის ტექსტი პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა , სადაც უკრაინის პირველი პირი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში ის ვრცელ ინტერვიუს მისცემს ტელევიზიას, სადაც ყველა კითხვას გასცემს პასუხს.
"დღეს კი მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროპული სტანდარტების საზოგადოების მშენებლობას უკრაინისთვის ალტერნატივა არ აქვს. ჩემი პოლიტიკაც ამ მიმართულებით ყოველთვის იყო და დარჩება თანმიმდევრული. რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ადასტურებს იმას, რომ ევროპული გზით მივდივართ. ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც ადამიანის უფლებები, კანონის წინაშე თანასწორობა, არჩევანის უფლება და სოციალური დაცვა მთავარი ფასეულობაა. ჩვენ ვერავინ მოგვპარავს თანაბარი შესაძლებლობების უკრაინის, ევროპული უკრაინის ოცნებას. ჩვენ ვერავინ ვერ გადაგვახვევინებს იმ სწორი გზიდან, რომელსაც ამ ოცნებამდე მივყავართ", - აცხადებს იანუკოვიჩი მიმართვაში.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მისმა ქვეყანამ არაერთი სირთულე გადალახა, განსაკუთრებით იყო ეკონომიკური პრობლემები.
იანუკოვიჩის განცხადებით, ის არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც უკრაინას ზიანს მიაყენებს.
"უკრაინელი ხალხის ნება იყო და იქნება გადამწყვეტი ჩემს ყველა გადაწყვეტილებაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა სირთულეს გადავლახავთ, რადგან არ არსებობს არც ერთი წინაღობა, რომელსაც ვერ გადალახავს ბრძენი და ერთსულოვანი ერი",- აცხადებს იანუკოვიჩი.
მასალის გამოყენების პირობები