ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება პარაფირებულია. ტექნიკური პროცედურის შემდეგ ვილნიუსის სამიტზე ხელშეკრულების საბოლოო ტექსტი სულიკოსა და შალახოს ფონზე შეთანხმდა.
სამიტის გახსნის ცერემონიალამდე მორიგი განცხადება გააკეთა ევროკავშირის პრეზიდენტმა. დალია გრიბაუსკაიტე საქართველოსა და მოლდოვას ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირებას ულოცავს.
პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო მოახერხებს 2014 წლის შემოდგომაზე დოკუმენტის ხელმოწერას.
ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მხარდაჭერა და ჩართულობა. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი ცხადად დაუჭერს მხარს ჩვენს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას. გარე წნეხის პირობებში. ასე მიმართა გიორგი მარგველაშვილმა ვილნიუსის სამიტის ოფიციალურ სადილზე ევროპის ლიდერებს.
პრეზიდენტმა შეკრებილებს მადლობა გადაუხადა ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის.
"ჩვენ, ქართველებმა ვიცით, რომ ვართ ევროპელები, მაგრამ ისტორიული და გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, ჩვენ არ მოგვეცა საშუალება - მონაწილეობა მიგვეღო ევროპული ინტეგრაციის საწყის ეტაპზე. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა და თითქმის ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია მხარს უჭრს ევროპულ ინტეგრაციას, როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედს",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტმა იმ მოლოდინზეც გაამახვილა ყურადღება, რასაც საქართველო სამიტისგან ელოდება.
ვილნიუსის სამიტის პირველი დღე ოფიციალური ვახშამით გაიხსნა. ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის ლიდერებს, 2-საათიანი შეხვედრის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ლიდერები შეუერთდნენ. საზეიმო ვახშამზე სიტყვით გამოვიდა გიორგი მარგველაშვილი. ის ერთადერთი ლიდერია, რომელსაც სიტყვით გამოსვლის უფლება ოფიციალური სადილის მეორე დღესაც მიეცა.
ვილნიუსის სამიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მესამე სამიტია. შეხვედრა საბოლოო დეკლარაციის მიღებით დასრულდება, სადაც შეფასდება თუ რა პროგრესს მიაღწია თითოეულმა ქვეყანამ ბოლო ორი წლის განმავლობაში და რა უნდა გააკეთონ მათ შემდგომში ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის.
ვილნიუსში სამთავრობოსთან ერთად იმყოფება საპარლამენტო დელეგაცია. დეპუტატები საპარლამენტო ფორუმში მონაწილეობენ. უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ მომავალი წლის შემოდგომამდე ასცირების დოკუმენტს ხელი მოეწერება, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში რუსეთი საქართველოზე ზეწოლას გააძლიერებს.
ვილნიუსის სამიტის მიმდინარეობას ქართველი დეპუტატები თვალს პირდაპირ ეთერში ადევნებენ. ტრანსლაციის ჩვენება საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში იმართება.
მასალის გამოყენების პირობები