საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, 3-4 დეკემბერს, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.
NGC-ის შეხვედრაზე, რომელიც ნატო-ს შტაბ-ბინაში 4 დეკემბერსაა ჩანიშნული, ქართული მხარე მოკავშირეებთან ერთად განიხილავს ნატო-საქართველოს დღის წესრიგში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებსა და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
მაია ფანჯიკიძე მინისტერიალის ფარგლებში სიტყვით გამოვა ნატო-ს წევრი სახელმწიფოების შეხვედრაზე ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრუსელში ვიზიტისას ასევე შეხვდება ნატო-ს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ნატო-ს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
მასალის გამოყენების პირობები