თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს 9 კითხვით მიმართავს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეს კითხვები დაასახელა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ დავით ნარმანია ამ კითხვებზე პასუხებს გასცემს, გამოჩნდება რამდენად აქვს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება გაატაროს გააზრებული რეფორმა.
"დღეს ჩვენ მივმართავთ რეგიონული განვითარების მინისტრს დავით ნარმანიას. მისი უწყება არის ამ კანონპროექტის ავტორი და ამ კითხვებზე პასუხების გაცემის შემთხვევაში დავინახავთ რამდენად აქვს ხელისუფლებას ნება, რომ გაატაროს გააზრებული რეფორმა და მომავალ წელს ჩაატაროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს კითხვებია: 1. როდის ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. 2. რომელ ქალაქებში ვირჩევთ მერსა და გამგებელს პირდაპირი არჩევის წესით. 3. რამდენი და რომელი ახალი მუნიციპალიტეტები შეიქმნება. 4. როგორი საარჩევნო სისტემით ტარდება არჩევნები რაიონებსა და ქალაქებში. 5. როგორი საარჩევნო სისტემით აირჩევა დედაქალაქის საკრებულო.
6: რა იცვლება თვითმმართველობის დაფინანსების წესში. 7. რამდენად გაზრდის დადგემილი რეფორმა სახელმწიფო ხარჯებს. 8. იგეგმება თუ არა თვითმმართველობის მეორე დონის შექმნა. 9. რატომ არ გაკეთდა წელს ამომრჩეველთა ბიომეტრიული რეგისტრაცია და მოესწრება თუ არა ამის გაკეთება დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებამდე?", - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, პარლამენტში შეტანილი თვითმმართველობის კოდექსი ძალიან ბევრ კითხვას აჩენს.
"უახლოეს მომავალში ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პროცესი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. პარლამენტში შემოტანილია ახალი თვითმმართველობის კოდექსი, რომელიც ძალიან ბევრ კითხვას ტოვებს პასუხგაუცემელს. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა როგორც სხვა არაერთ კანონპროექტთან დაკავშირებით მოხდა, ამ შემთხვევაშიც მიზნად არ ისახავს მოაწყოს შედეგზე ორიენტირებული შეხვედრები ამ კანონის განხილვის თვალსაზრისით და ცდილობს ეს კანონიც გაიტანოს დაჩქარებული წესით. ჩვენ ვთვლით, რომ აქ მთავარი არ არის ტექნიკური საკითხები, თუმცა ბევრი შენიშვნები გვაქვს ამასთან მიმართებაში. მთავარი არის ის, თუ რამდენად აქვს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე და ეს რეფორმა გატარდეს გააზრებულად", - განაცხადა ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები