რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე, ევროკავშირმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან ტრადიციულ სადილზე უარი თქვა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე და იმის საჩვენებლად, რომ საქმე ისე არ არის, როგორც ჩვეულებრივად იყო. ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.
ამასთან, რუსეთ-ევროკავშირის სამიტი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება წელს, მიუხედავად დაძაბული ურთიერთობებისა, მაინც გაიმართება, თუმცა ტრადიციული ორი დღის ნაცვლად, მხოლოდ ერთ დღეს გასტანს.
"დაძაბულობამ, გასული წლის ბოლოს, მას შემდეგ იჩინა თავი, რაც ევროკავშირმა რუსეთი უკრაინის ზეწოლაში დაადანაშაულა, რათა უკრაინას უარი ეთქვა ბრიუსელთან დაახლოებაზე და ამის ნაცვლად ურთიერთობები გაემყარებინა მოსკოვთან", - აღნიშნავს "როიტერი".
"როიტერის" ინფორმაციით, სამიტი ვლადიმერ პუტინსა და ევროკაშირის ლიდერებს შორის მხოლოდ რამდენიმე საათიანი საუბრით შემოიფარგლება. ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით კი, სამიტის ფორმატის შეცვლის ინიციატივით ევროკავშირი გამოვიდა, რათა მხარეებს შორის უფრო გულახდილი საუბარი შემდგარიყო და უფრო მეტად სტრატეგიული დისკუსია გაემართათ, ნაცვლად ჩვეულებრივი თეატრალიზებული სამიტისა.
რუსეთის პირველი პირი ბრიუსელს ამ მიზნით 28 იანვარს ეწვევა. პუტინი ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზუს, ევროსაბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპეისა და მათ მრჩევლებს შეხვდება.
"ipn"
მასალის გამოყენების პირობები