უკვე ცნობილია, რომელი პარტია რომელი საარჩევნო ნომრით მიიღებს მონაწილეობას 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.
წილისყრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გუშინ შედგა. მასში მონაწილეობა ყველა იმ პარტიამ მიიღო, რომელსაც ცესკო-ში განაცხადი ჰქონდა შეტანილი, სულ 37-მა პარტიამ.
ცესკო-ს სხდომაზევე ოფიციალურად დაუმტკიცდათ რიგითი ნომრები იმ პარტიებს, რომელთაც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს. კანონმდებლობის მიხედვით, ამ პოლიტიკურ სუბიექტებს წინა არჩევნებზე მიღებული ნომრის გამოყენების უფლება აქვთ. ეს უფლება "ქრისტიან-დემოკრატებმა", "კონსერვატიულმა პარტიამ" და "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოიყენეს.
კენჭისყრის შემდეგ პოლიტიკური პარტიები იმ ნომრების სიმბოლურ დატვირთვაზე საუბრობდნენ, რომელიც მათ შეხვდათ. პარტიების უმეტესობა სურვილს გამოთქვამდა, ბიულეტენში სიის თავში მოხვედრილიყო ან ის ნომერი ამოერჩია, რომლითაც წინა არჩევნებში მონაწილეობდა. 2008 წლის არჩევნებში გამოყენებული ნომრები არცერთ მათგანს არ შეხვდა. სამი უფლებამოსილი პარტიის გარდა, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ყველა პარტიას ახალი საარჩევნო ნომერი ექნება.
ნუმერაცია, რომელიც ცესკო-ში პარტიების წილისყრისას გამოვლინდა, საარჩევნო ბიულეტენში ზუსტად განმეორებული არ იქნება. მას ბიულეტენებში პარტიულ გაერთიანებათა ბლოკები დაემატება. პოლიტიკური საარჩევნო ბლოკების ცესკო-ში რეგისტრაცია 19 აგვისტოს დაიწყება.
პარტიულ წილისყრაში ის სუბიექტებიც მონაწილეობდნენ, რომლებსაც საარჩევნო ბლოკებში გაერთიანების სურვილი აქვთ. მაგალითად, "ქართული ოცნება" პარტიულ წილისყრაში მინიჭებული ნომრის გამოყენებას არ აპირებს და როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, არჩევნებზე ბლოკში შემავალი "კონსერვატიული პარტიის" ნომრით ისარგებლებენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციას და წილისყრას 25 აგვისტოს დაასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები