საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს სოჭის ოლიმპიადის ოფიციალურ ინგლისურენოვან ვებგვერდზე არსებულ "შეცდომაზე" საქმის კურსში ჩააყენებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
საგარეო უწყების განმარტებით, ქართული დელეგაცია სოჭშივე ეცდება დღის განმავლობაში დაუკავშირდეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტს.
"გუშინ, საღამოს, შევატყობინეთ აღნიშნული ინფორმაცია. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი დღის განმავლობაში ეცდება დაუკავშირდეს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს. ვიმედოვნებთ, მაქსიმალურად მალე აღმოიფხვრება პრობლემა", - განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სოჭის ოლიმპიადის ოფიციალურ ინგლისურენოვან ვებგვვერდზე გალი რუსეთის ტერიტორიად არის მოხსენიებული. მოთხილამურე მარიკა პერტახიას მონაცემებში, დაბადების ადგილად მითითებულია რუსეთი, გალი. იქვე განმარტების სახით ასევე აღნიშნულია: აფხაზეთის რესპუბლიკის გალის რაიონი.
მარიკა პერტახია 21 წლის სპორტსმენია. ის ოლიმპიადაზე რუსეთის სახელით ასპარეზობს. საცხოვრებელ ადგილად კრასნოიარსკია მითითებული.
მასალის გამოყენების პირობები