საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის არც იწონებს და არც უწუნებს პროკურატურას ექსპრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარებას .
ამის შესახებ უსუფაშვილმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც მან გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიური ფორუმში მიიღო მონაწილეობა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მასთან შეხვედრებისას ეს თემა არავის წამოუწევია, თუმცა, მომავალში რეაქცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, შესაძლოა იყო განსხვავებული.
"ჯერ ერთი, ჩემთან ეს თემა არავის წამოუწევია - არც ერთ მაღალი თანამდებობის პირს, ვისთანაც მე შეხვედრა მქონდა. მეორე - მე პირადად არც ვიწონებ და არც ვუწუნებ პროკურატურას ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან პროკურატურა იმისთვის არსებობს, რომ გახსნას დანაშაული და ამასთან ეს გააკეთოს ისე, რომ არ დაარღვიოს კანონი და არ შელახოს სხვისი უფლებები. ამ ჩარჩოში მოქმედ პროკურატურას ჩემგან, რა თქმა უნდა, აქვს მხარდაჭერა დანაშაულის გახსნაში. მესამე – ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ არ დავივიწყოთ და შეცდომაში არ შევიდეთ იმის თაობაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ დასმულია კითხვები, როგორც შესაძლო მოწმის მიმართ და იგი არ არის ეჭვმიტანილი თუ ბრალდებული რაიმე კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში.ამასთანავე, იმ საქმეებზე, რომლებზეც პროკურატურა საუბრობს, ვიცით, რომ ძალიან დიდი ხანია, საზოგადოების ინტერესია, რომ დადგინდეს სიმართლე. ამიტომ ეს ყოფილი პრეზიდენტი იქნება, მოქმედი პრეზიდენტი იქნება, ყოფილი სპიკერი იქნება პარლამენტის თუ მოქმედი თავმჯდომარე, თუ ვინმემ რაიმე ვიცით საქმის თაობაზე და შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ ჭეშმარიტების დადგენას, მე მგონი ეს უნდა გავაკეთოთ ზედმეტი პოლიტიკური გართულებების გარეშე", - განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, "თავისთავად ის ფაქტი, რომ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი რაიმე დანაშაულთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ შესაძლოა, ინტერესის ობიექტი იყოს, ეს რა თქმა უნდა, კარგი არ არის".
"ეს არაფერზე კარგზე არ მეტყველებს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ვუმკლავდებით იმ თემებს, რომლებიც ჩადნილია წარსულში და რომელიც უნდა გამოვიძიოთ. ამიტომ ჩემი პოზიცია იქნებოდა, რაც შეიძლება სწრაფად, მშვიდად და წყნარად ყველა კითხვაზე პასუხი გაეცეს. მე მგონია, რომ მშვიდად უნდა შევხვდეთ ამას. რაც შეხება რეაქციას ხვალ და ზეგ, შესაძლოა იყოს რეაქცია კითხვის ფორმითაც, საჭიროა თუ არ არის საჭირო დაკითხვაზე დაბარება, დროულია თუ არ არის დროული და ა.შ. ამაზე ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც არ არის გამორიცხული, რომ იყოს განსხვავებული პოზიციები", - დასძინა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები