აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც რადიო "ათინათი"უცვლელად გთავაზობთ:
"ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაკითხვაზე დაიბაროს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე. არავინ არ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ერთდროულად რამდენიმე გამოძიებაში ყოფილი პრეზიდენტის ჩართვა ბადებს ლეგიტიმურ შეშფოთებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, მით უფრო, როცა სამართლებრივი და სასამართლო ინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფეა. როგორც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ვაშინგტონში, თებერვალში გამართულ უმაღლეს შეხვედრაზე ითქვა, ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, ქართველი ერის ენერგია მომავალს, ძლიერ ეკონომიკას, მართლმსაჯულების სექტორის შემდგომ რეფორმებს და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის სწრაფ პროგრესს მოახმაროს".-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა სააკაშვილს მოწმის სახით დაკითხვაზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იბარებს, თუმცა იგი ამ დროისთვის საქრთველოში არ იმყოფება. სააკაშვილი პროკურატურაში 27 მარტს უნდა გამოცხადეს 13:00 საათზე. პროკურატურის ცნობით, უწყება გიული ალასანიას ჩაბარდა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი საქართველოში დაკითხვის გამო ჩამოსვლას არ აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები