საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მზადაა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერების შეკითხვებს ჰააგაში , ბირთვული სამიტის ფარგლებში უპასუხოს.
"რა თქმა უნდა, სააკაშვილი შეეცდება მაქსიმალურად გამოიყენოს ლობისტური კომპანიები და ევროპაში თუ ამერიკაში შექმნას მცდარი განცდა, თითქოს დაკითხვაზე პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზეა დაბარებული. თუმცა, ჩვენს მხარეს არის ძლიერი სიმართლე და არც ერთი კითხვის არ გვეშინია. 24 მარტს დავესწრები ბირთვულ სამიტს, სადაც მსოფლიოს ლიდერებიც იქნებიან და მედიაც, შესაბამისად, თუ კითხვას დამისვამენ, პირადად გავცემ პასუხს, რათა დავასრულო ის ინტერპრეტაციები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილისგან და მისი ლობისტური კომპანიებისგან შეიძლება წამოვიდეს. ჩვენ ამის არ გვეშინია, ჩვენ უკვე გადავლახეთ ის კამპანია, რომელიც მათ წამოიწყეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ამ კუთხით ევროპასა და ამერიკაში დალაგდა სიტუაცია და მოიხსნა ის კითხვები, რომლებიც დასავლეთს სააკაშვილმა და მისმა ლობისტურმა კომპანიებმა გაუჩინეს", - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, თუ გამოძიებას მასთან ოდესმე კითხვები გაუჩნდება, მზად არის, პასუხი აგოს."თუ ჩვენ ამ მძიმე კითხვებზე თვალი დავხუჭეთ, მაშინ სამართლიანობასა და დემოკრატიაზე საერთოდ აღარ იქნება საუბარი. მე არ მინდა ვიყო ისეთი სახელმწიფოს პრემიერი, რომელიც ასეთ უსამართლობას ხელს შეუწყობს. რატომ უნდა იყოს პრივილეგირებული მიხეილ სააკაშვილი მაშინ, როდესაც მოქალაქეები ელემენტარული ქურდობის გამო წლობით იხდიან სასჯელს?! თუ გამოძიებას ოდესმე კითხვები გაუჩნდება ჩემთან, მზად ვარ, პასუხი ვაგო, რადგან ჩვენ ვალდებულები ვართ ხალხისა და ქვეყნის წინაშე", - განმარტავს პრემიერ-მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები