არავის აინტერესებს ყოფილი პრეზიდენტი და მისი დაბარება პროკურატურაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიდერლანდებში ვიზიტის ფარგლებში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"მთავარი რჩევა, რომელიც ორმხრივი შეხვედრების დროს მივიღე, არის, რომ არ მივაქციოთ ყურადღება შექმნილ აჟიოტაჟს და იგნორირება გავუკეთოთ ამ ისტერიას", - აღნიშნა პრემიერმა.
მან ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტის შედეგები შეაჯამა და ჩატარებულ ფორუმს მნიშვნელოვანი უწოდა. "ძალიან სასარგებლო იყო ეს ფორუმი, რომელიც საინტერესოდ წარიმართა. მსოფლიო ლიდერებს საშუალება ჰქონდათ გაეცვალათ თავიანთი მოსაზრებები. საქართველო რეგიონში გამოკვეთილი ლიდერია, რომელსაც მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ორმხრივ შეხვედრებზე გამოიკვეთა სრული მხარდაჭერა საქართველოსადმი და მოლოდინი ასოცირების ხელშეკრულების დაჩქარებულად, დროზე ადრე ხელმოწერისა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსოფლიო ლიდერთა მხრიდან საქართველოში ვიზიტების განხორციელების მზაობა არსებობს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ახლო მომავალში მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი ესტუმრება. მათ შორის: საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, შვეიცარიის პრეზიდენტი დიდიერ ბურკჰალტერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მარტინ ლაიდგარდი.
მასალის გამოყენების პირობები